სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. პროექტს ENPARD - ის პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, ,,LAGI-დედოფლისწყარო“ აფინანსებს.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5 000 ერთეულ პირბადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემს. მერია, თავის მხრივ, პირბადეებს უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულეს.

კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და სამკერვალოში დღეში 500-მდე პირბადე მზადდება.

პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლიც მონაწილეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.