სუს-მა 2019 წელს ქრთამის მიცემის, აღების, თაღლითობისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში 135 პირი მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის განმავლობაში ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 135 პირი მისცა, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის 91 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გატარებული ღონისძიებების ფარგლებში დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც უცხოელ ბიზნესმენს წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანისა და შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი გამოართვა. გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი. ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნენ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. გარდა ამისა, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის 8 მოქალაქე, რომლებმაც აღნიშნული საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს,"- ნათქვამია ანგარიშში.