გასულ წელს, სუს-ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა 417 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 27 871 922 ლარია

2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 417 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 27 871 922 ლარია. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. ამავე ანგარიშის თანახმად, სამსახურმა კერძო კომპანიებთან 12 ხელშეკრულება გააფორმა და მათგან 632 409 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისა და ინსტიტუციური მდგრადობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სათანადო ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსების არსებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ტექნიკური და სხვადასხვა საშუალებების პერიოდულად განახლება-გაუმჯობესება. აღნიშნულს მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფდნენ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. 2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაფორმდა 417 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 27 871 922 ლარი.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შესაბამის კომპანიებთან გაფორმებული იქნა 12 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 632 409 ლარი. 2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით გამოცხადდა 213 ტენდერი, ხოლო ჩატარებული ტენდერებიდან ხელშეკრულება გაფორმდა 178 პრეტენდენტთან. ელექტრონული ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, ჯამში ეკონომიამ შეადგინა 486 428 ლარი,“- აღნიშნულია ანგარიშში.