"საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით ერთდროულად შეიძლება მაქსიმუმ 1 200 პაციენტი იმართოს"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეს 1 200 პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის შესაძლებლობაა. მისივე თქმით, როდესაც ერთ ჯერზე აღნიშნული რაოდენობის პაციენტი დაფიქსირდება, მომდევნო პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის პრობლემა შეექმენებათ. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატები არ არის.

„უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე.

„ჩვენ გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ მინდა განვმარტო, რომ ამ რიცხვების აღქმაც რთულად ხდება, რადგან ეს ადამიანები გარკვეული ციკლისა და მორიგეობის მიხედვით ახორციელებენ თავიანთ ჩართულობას. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებენ, რადგან ექიმსაც სჭირდება თავისი ძილის ფაზის შესრულება იმისთვის, რომ პროდუქტიული იყოს და შეძლოს უსაფრთხოდ მართოს პაციენტი და ჰქონდეს ის შედეგები, რომელიც დღეს ჩვენს ექიმებს აქვთ. რაც შეეხება პაციენტების მართვას, ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეიძლება იმართოს, ეს არის 1 200. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ჯერზე დაფიქსირებული 1 200 პაციენტი კლინიკაში დაჰყოფს მინიმუმ 14 დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 დღის განმავლობაში წარმოიქმნება გარკვეული რისკი სხვა პაციენტებისთვის, როდესაც მომდევნოს დასჭირდება ხელოვნური სუნქვის აპარატით უზრუნველყოფა და შემდეგ მართვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს სასუნთქი აპარატები, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე, რომლის შეძენაც ნებისმიერ ფასად არის წარმოუდგენელი, რადგან ეს პროფესიონალები წლების განმავლობაში ყალიბდებიან და საქართველოს დღეს ჰყავს მხოლოდ იმდენი რეანიმატოლოგი, რა რიცხვიც იქნა დასახელებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.