საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 16 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ხდება მგზავრების ორგანიზებული ტრანსპორტირება აეროპორტამდე. “საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან და სხვა, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.
16 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6164 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6255 მოქალაქე.
COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო. აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს”, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.