ევროპელი ფერმერები მუშახელის დეფიციტს განიცდიან

ევროპელი სოფლის მეურნეობის მწარმოებლები მუშახელის დეფიციტს განიცდიან.

თუ კორონავირუსის ეპიდემიამდე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში სეზონური დასაქმებით ყოველწლიურად მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, ახლა გადაადგილების აკრძალვის გამო ეს ვერ ხერხდება.

როგორც Financial Times- ი წერს, გერმანიაში ყოველწლიურად სეზონურ სამუშაოებზე დაახლოებით 300 000 მუშა ჩადიოდა, 200 000 - საფრანგეთში, 250 000 - იტალიაში და 70 000-80 000 ესპანეთში. მსგავსი საჭიროების წინაშე ყოველთვის იდგა დიდი ბრიტანეთიც.

ქვეყნების მთავრობები შიშობენ, რომ მუშახელის დეფიციტის გამო შესაძლოა, ხილ-ბოსტნეული გაფუჭდეს და მოსახლეობა საკვების გარეშე დარჩეს. ამიტომ ცდილობენ პრობლემის გადაჭრის გზები მოძებნონ. გერმანიამ უკვე განიხილა ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტების დასაქმების საკითხი, ესპანეთის ხელისუფლება კი იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ და გამოთქვამენ სურვილს სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმდნენ ივლისამდე, ყოვეთვიურ უმუშევრობის შემწეობას მაინც გადაუხდის. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთშიც.