საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
"გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და ამ ეტაპზე მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით (10.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.