თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებელი სკამების შესყიდვის ტენდერი შეწყვიტა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. კომისიის ოქმის თანახმად, „ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული მოხმარების სკამების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში ვერ დაუკონკრეტეს, ტენდერი წელს თავიდან გამოცხადდება თუ არა.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შეჩერებულია. შესაბამისად, შეჩერებულია რიგი ტენდერების განხორციელებაც. როგორც კი დადგება ამ პროექტების და ტენდერების განახლების საკითხი, შედეგებს შეგატყობინებთ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიას ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შესყიდვასა და დამონტაჟებაში 1 მილიონ 311 870 ლარი უნდა გადაეხადა. მერია ამ ფასად 155 სხვადასხვა სახის დასაჯდომ სკამს და ძელსკამის შესყიდვას გეგმავდა. განაცხადების მიღება დღეს უნდა დაწყებულიყო და 21 აპრილს დასრულდებოდა. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 5 247 ლარი, გარანტიის ოდენობა 13 119 ლარი, ხოლო მისი მოქმედების ვადა 160 დღე იყო.
თავდაპირველად გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მერია გეგმავდა, რომ 7 სხვადასხვა ვიზუალის სკამი შეესყიდა. მათი ნაწილი ლითონის, ხის ან ხის შემცვლელი მასალის, ნაწილი რეკონსტრუირებული გრანიტის ან მარმარილოს ან ბუნებრივი ქვის, ან მეტალის სხმულისგან და ხის ან ხის შემცვლელი დასაჯდომი ფრაგმენტებისგან უნდა ყოფილიყო.
ანგარიშსწორება განხორციელდებოდა 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.