ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს

ქართული ონლაინ მაღაზია „იბიჯი“ (EBG) ბიზნესებს ელექტრონულ კომერციაში მარტივად ჩართვას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, დაინტერესებულ ბიზნესებს, EBG-ის პლატფორმის - order24.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ, ონლაინში განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მის რეალიზაციას, მომხმარებლისთვის მიწოდებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებს ვებ-გვერდის ადმინისტრაცია მოაგვარებს.

EBG-ის შეთავაზების თანახმად, ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ ისარგებლონ 3 პაკეტით: პაკეტი DIY (გააკეთე თვითონ), პაკეტი GO ONLINE (პროდუქტის განთავსება და ტრენინგი) და პაკეტი PRIME PREMIUM (პირადი ასისტენტი).

თითოეული პაკეტი განსხვავებულ სერვისებს მოიცავს. მაგალითად, პაკეტი DIY-ით სარგებლობის შემთხვევაში, ბიზნესს თავად შეუძლია EBG-ზე პროდუქტის შესახებ ინფორმაციის განთავსება; პაკეტი GO ONLINE მოიცავს ყველაფერს, რაც პირველ პაკეტში შედის და ემატება ტრენინგი, თუ როგორ უნდა იმართოს ონლაინ მაღაზია და პლატფორმის წარმომადგენლები პროდუქტს ვებ-გვერდზე თავად განათავსებენ; პაკეტი PRIME PREMIUM კი აერთიანებს ორივე აღწერილ სერვისს და ემატება პირადი ასისტენტის მომსახურებაც. სამივე პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

EBG-ის დირექტორის ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, დღეს, ბიზნესების უმეტესობას ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩა, რისი გამოცდილებაც მათ დიდ ნაწილს აქამდე არ ჰქონია. ამასთან, ონლაინ მაღაზიების შექმნა ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც შეიძლება, როგორც სტარტაპებმა, ისე მცირე და საშუალო ბიზნესმაც ვერ გაუძლოს. დღეს, კრიზისული პერიოდი აქვთ მსხვილ კომპანიებსაც, რომლებიც ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვაზე არიან ორიენტირებულები, ამიტომ ცალკე ონლაინ მაღაზიის შექმნაზე მუშაობა შეიძლება ფინანსურად მათთვისაც წამგებიანი აღმოჩნდეს.

„COVID-19 გავრცელებამ ეკონომიკური შოკები გამოიწვია, რეგულაციებმა სრულად შეცვალა საზოგადოების ქცევა და მათი მოთხოვნა პროდუქტსა და სერვისზე. ბიზნესი აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე, უმოკლეს დროში გადაელაგებინა ბიზნეს პროცესები და ტრადიციული გაყიდვების არხები შეეცვალა ონლაინ გაყიდვების არხით. EBG.ge-მ, როგორც ერთ ერთმა უმსხვილესმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ საქართველოში,პალიტრა მედია ჰოლდინგთან ერთად, ბიზნესებისთვის შექმნა სერვისი order24.ge - GoOnline რომლის მეშვეობით ნებისმიერ ბიზნესს, მიუხედავად მისი კალიბრისა შეუძლია განათავსოს და გაყიდოს თავისი პროდუქტი ონლაინში. აღნიშნულის სერვისით ჩვენ ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის ადგილი დიდი მოლებიდან და მაღაზიებიდან გადავიტანეთ ელექტრონულ სივრცეში, ერთ ონლაინ მაღაზიაში order24.ge. სადაც კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, მომხამრებელს ეძლევა შესაძლებლობა ძალიან მარტივად იპოვოს, შეუკვეთოს და სახლში მიიღოს ნებისმიერი ნივთი დაწყებული პირველადი მოხმარების ნივთებიდან დამთავრებული გასართობი საშუალებებით, ხოლო ბიზნესს შეუძლია თავისი პროდუქციის სრული ასორტიმენტი განათავსოს პლატფორმაზე და ჩვენი რესურსებით მოახდინოს მისი რეალიზაცია და მომხმარებლისთვის მიწოდება“, - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.

ზოგადად, ბიზნესსექტორისთვის დღევანდელ რეალობაში გამოსავალი არის ისეთი პლატფორმები, რომელზეც მხოლოდ პროდუქციის განთავსებაა საჭირო და ვებ-გვერდის შექმნასთან და მის რეკლამირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა მეწარმეს არ უწევს.

EBG არის ყველაზე დიდი ქართული ონლაინ მაღაზია, რომელზეც წარმოდგენილია Ebay-ს სრული კატალოგი, ჯამში მილიარდზე მეტი პროდუქტი. EBG-ის უპირატესობას წარმოადგენს ონლაინ განვადება მილიარდზე მეტ ნივთზე, სასურველი ნივთის შეძენისას გადახდა პირდაპირ ლარის ანგარიშიდან ხდება, დოლარში კონვერტაციის გარეშე, კატალოგი წარმოდგენილია ქართულად და პლატფორმა მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს.