ყაზახეთისა და კვიპროსის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროებების ნივთებით უზრუნველყვეს, ხოლო უნგრეთსა და ბელარუსში საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით, სამშობლოში სამი მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ კორონავირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარების გამო, საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყო.
„2020 წლის 27 მარტიდან დღემდე, დახმარება გაეწია ყაზახეთში მყოფ საქართველოს 50 მოქალაქეს. კერძოდ, განხორციელდა მათი დროებით საცხოვრებელ ბინებში განთავსება, ასევე საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოქალაქეების უზრუნველყოფა. საელჩომ საკუთარი სახსრების გამოყოფის გარდა, თხოვნით მიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციებს, თანამემამულეების დახმარების თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს საელჩოს თხოვნით, საქართველოს საპატიო კონსულებმა აკმოლის ოლქში და ქ.ალმატიში, დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს მოქალაქეებს და უზრუნველყვეს ისინი საცხოვრებლით და სხვა საჭირო დახმარებით საქართველოში გამგზავრებამდე. ასევე საელჩოს შუამდგომლობით საქართველოს მოქალაქეებს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ აღმოუჩინა დახმარება საკვები პროდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დახმარება გაეწია საქართველოს 490 მოქალაქეს. საქართველოს საელჩომ, საქართველოს 19 მოქალაქე, რომელთაც სასტუმროების დაკეტვის გამო ჰქონდათ თავშესაფრის პრობლემა, საცხოვრებლით უზრუნველყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ კვიპროსში შიდა გადაადგილების შეზღუდვების ფონზე, საქართველოს საელჩომ უზრუნველყო 10 აპრილის ჩარტერული რეისის (ლარნაკა-თბილისი) მგზავრების უფასო ტრანსპორტირება 5 ავტობუსით ლარნაკას აეროპორტამდე სხვადასხვა ქალაქიდან (ნიქოზია, ლიმასოლი, პაფოსი)
ასევე, აღსანიშნავია, რომ უნგრეთსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოების მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს აქტიური ჩართულობის შედეგად, 15 აპრილს საქართველოს სამი მოქალაქე (მათ შორისაა ორი ადამიანი, რომელსაც უნგრეთში საქართველოს საელჩო რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა მზრუნველობას) სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოს მოქალაქეები ბუდაპეშტიდან მინსკის გავლით ერევანში გაემგზავრნენ. ერევნიდან კი საქართველოში მათი ორგანიზებული დაბრუნება განახორციელეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტური ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
16 აპრილის მონაცემებით, საკოორდინაციო საბჭოს დავალების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6 255 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.