„ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის არქონის გამო, შეიძლება 2020 წელს ასობით ათასი ბავშვი დაიღუპოს - დაიცავით ჩვენი ბავშვები"

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის თქმით, ბავშვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხის ქვეშ არიან. მისი თქმით, ის რაც კორონავირუსის გამო გლობალურად ხდება, განგაშის საფუძველს იძლევა.

„მე განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ბავშვების კეთილდღეობის გამო. სასიხარულოა, რომ ბავშვებს ვირუსის მძიმე სიმპტომები, როგორც წესი, არ უვლინდებათ, მაგრამ მათი ცხოვრება მთლიანად ამოტრიალდა. უმეტესობა მათგანი სკოლის გარეთაა დარჩენილი. ზოგიერთი ქვეყანა ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, მაგრამ ინტერნეტზე წვდომა ყველას არ აქვს“,-აღნიშნა გუტიერესმა.

მისივე თქმით, ბავშვები შესაძლოა, ახლა მეტად ხდებოდნენ ძალადობის მოწმე და მსხვერპლი.

„არის საფრთხე, რომ გოგონებს სკოლიდან გამოიყვანენ, რაც გაზრდის ფეხმძიმობას თინეიჯერებში. შეწყვეტილია წითელას ვაქცინიაცია 23 ქვეყანაში და გადატვირთული საავადმყოფოების ფონზე, ავადმყოფმა ბავშვებმა შესაძლოა საჭირო და აუცილებელი მკურნალობა ვერ მიიღონ. 2020 წელს შესაძლოა ჩვეულებრივზე ასობით ათასით მეტი ბავშვი დაიღუპოს... დაიცავით ჩვენი ბავშვები“,-აღნიშნა გუტიერესმა.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 2 183 942 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 146873 ადამიანი ემსხვერპლა.