კომპანია „საქნახშირი“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი განცხადებით, ტყიბულში, კომპანიის ობიექტებზე მიმდინარე ყოველდღიურ საპრევენციო-სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალურად შექმნილი შტაბი აკონტროლებს.
„საქნახშირის“ ობიექტებზე თანამშრომლების გადაადგილება და სამუშაო პროცესები საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-149/ო-ს დანართ #11-ში გაწერილი უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. #4 საექსპლუატაციო უბნის, იგივე „ძიძიგურის შახტის“ ფუნქციობის დროებით შეჩერების გამო (ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო მიმდინარეობს მზიდი ბაგირის გამოცვლა), პერსონალი შახტში „მინდელის სახელობის შახტიდან“ შედის. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თანამშრომლების გადაყვანა კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ხდება.
COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად (დღეში რამდენჯერმე) ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თერმოსკრინინგით მოწმდება ყველა თანამშრომელი. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა რიგი ცვლილებები: კომპანიის ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტში, საშახტო ვაგონებსა და საშახტო ლიფტში იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება; თანამშრომლებს შორის დაცულია დისტანცია და მაქსიმალურად იზღუდება მათ შორის კომუნიკაცია; ცალკეულ უბნებზე, დასაშვები დისტანციის გათვალისწინებით, მომუშავეთა რაოდენობა შეიზღუდა 2-4 ადამიანამდე; ტერიტორიაზე ჩაიკეტა 2 შემოსასვლელი. თანამშრომლები სარგებლობენ მხოლოდ 1 შემოსასვლელით; შემოსვლისას თანამშრომლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და დეზინფექცია ანტისეპტიკური საშუალებებით; 22-ადგილიან ავტოტრანსპორტში ამჟამად თავსდება მხოლოდ 10 ადამიანი (შახმატურად); 14-16-ადგილიან ავტოტრანსპორტში კი - მხოლოდ 6 ადამიანი; 18-ადგილიან საშახტო ვაგონებში თავსდება მაქსიმუმ 10-12 თანამშრომელი; საშახტო ლიფტით (რომელიც 25 ადამიანზეა გათვლილი) გადაადგილდება მხოლოდ 10-12 თანამშრომელი (ლიფტი არ არის დახურული სივრცე); შახტები მუშაობს ოთხცვლიან (6-საათიან) უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისად, ყოველი ცვლის დაწყებამდე 2 საათით ადრე (რომ თანამშრომლებს დისკომფორტი არ შეექმნათ) დეზინფექცია უტარდება სატრანსპორტო საშუალებებს, საშახტო ვაგონებსა და საშახტო ლიფტს; ყოველი ცვლის დაწყებამდე დეზინფექცია უტარდება ჭაურის მიმღებ ბაქნებს, ასევე, ფეთქითი ნივთიერებების საწყობებს, დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარის კამერას; დეზინფექცია უტარდება ზედაპირული კომპლექსის ნაგებობებს: ელექტრო და მექანიკურ საამქროებს, ელექტროდეპოს, ზედაპირული კომპლექსის ნაგებობებს, ვაგონსარემონტოებს, სახერხს, ქვესადგურს, კაბინეტებს, ფოიეებს, კიბეების განყოფილებებს, სალამპე-სატაბელო განყოფილებას, სამედიცინო პუნქტს; აბანო-გარდერობებს, საშხაპეებსა და საპირფარეშოებს დეზინფექცია დღეში ოთხჯერ, ყოველი ცვლის დასრულებისთანავე, უტარდება.
კომპანია „საქნახშირში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი შტაბი ყოველდღიურად აკონტროლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიწოდებას.
ცალკეულ უბნებზე გამოკრულია საინფორმაციო დაფები, სადაც მითითებულია ინფორმაცია აღნიშნული აკრძალვების შესახებ. საინფორმაციო მონიტორებზე უწყვეტ რეჟიმში გადის ვიდეორგოლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესახებ.
შახტში შესულ ყოველ 9-12 თანამშრომელს მიჰყვება ინჟინერ-ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თითოეულ დასაქმებულზე და აკონტროლებს, რომ ზედმიწევნით იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.
ამ რთულ პერიოდში კომპანია „საქნახშირი“ პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას; ასევე, საკუთარ საქმიანობას და ვალდებულებას - გააგრძელოს წვლილის შეტანა როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე რეგიონის განვითარების საქმეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.