Netflix-მა კაპიტალიზაციით ExxonMobil-ს და Disney-ს გადაუსწრო

კომპანია Netflix-ი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკული ნავთობგიგანტი ExxonMobil-ი. სტრიმინგ სერვისის აქციების ღირებულება 15 აპრილს, მხოლოდ ერთ დღეში 3,19%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 448 დოლარი შეადგინა. შედეგად, Netflix-ის საბაზრო ფასმა 196 მლრდ დოლარს მიაღწია.

Netflix-ის კაპიტალიზაცია კორონავირუსის პანდემიის პირობებში იზრდება. ამ დროს სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება სახლში და შესაბამისად, სტრიმინგ სერვისზე ნახვების რაოდენობაც მატულობს. ამ ეტაპზე Netflix-ი უფრო ძვირია, ვიდრე მისი კონკურენტი Disney, რომლის კაპიტალიზაციაც 186,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ამავე დროს, მცირდება ExxonMobil-ის ღირებულება. ერთი აქციის ფასი 3%-ით, 39,30 დოლარამდე დაეცა. შესაბამისად, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 166 მლრდ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, Netflix-ი მომხმარებელს სტრიმინგ სერვისს უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაში სთავაზობს. კომპანია 1997 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში, კალიფორნიაში. 2013 წლიდან Netflix-ი იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და სატელევიზიო გადაცემებს.