არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომრეობის პერიოდში აქტიურად გაგრძელდება ბიზნესების მონიტორინგი, რათა შემაკავებელი ზომების მოხსნის შემდეგ ამოქმედება დროულად შეძლონ.
„მინდა ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარების გათვალსიწინებით, როცა ჩვენ, პრაქტიკულად, ახლა შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი შემაკავებელი ზომების შერბილების და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა მოგვეცემა, ყველა მზად იყოს და შემოწმებისთვის დამატებით დრო აღარ დაგვჭირდეს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.