ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით უკვე 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მიღებული ზომები იმ გამოწვევებს უკავშირდება, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებამ გამოიწვია და ხდება ბიზნესის გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალი გამოწვევების წინაშე, კრიტიკულ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც ჩვენ წინაშე ახალ პრობლემებს აყენებს და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადამწყვეტი ზომები, რომ მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ჩვენი გაერთიანებული ინსპექციები ამ დღეების განმავლობაში აქტიურად აგრძელებენ ბიზნესების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად პასუხობენ ბიზნესები ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს, რასაც ჩვენ გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა, მაგრამ ბიზნესისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპების, იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს თავისი ქმედებები“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, 6 აპრილიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით საწარმოების შემოწმების პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრულია გამონაკლისი ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც ნებადართულია. ამასთან, კომპანიებს შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის სპეციალური ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმიანობა გააგრძელონ.