თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, უახლოესი 4 დღე გვიჩვენებს შედეგს, საჭიროა თუ არა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, მოვლენების მსგავსად განვითარებას ის არ ისურვებდა.
„ეს 4 დღე იქნება ტესტი. თუ ეს 4 დღე ჩატარდა ისე, როგორც უნდა იყოს, როგორც ხელისუფლებას და საზოგადოების შეგნებულ ნაწილს აქვს იმედი, მაშინ არ იქნება საყოველთაო კარანტინის შემოღება აუცილებელი. თუ ეს 4 დღე საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაფრთხილებები და შეზღუდვები უგულებელყო, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კატეგორიულად ისმოდა მთავრობის და ექიმების მხრიდან, მაშინ შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც საყოველთაო კარანტინი საჭირო იქნება. მე ამას არ ვისურვებდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ახალ კორონავირუსს ლოკალიზება გაუკეთოს და დაამარცხოს.
„გვაქვს შანსი, რომ ლოკალიზება გავუკეთოთ და დავამარცხოთ, ყოველ შემთხვევაში, წელში გავტეხოთ ეს ეპიდემია. სხვა ქვეყნებს ეს გაუჭირდებათ“ , - განაცხადა ცერცვაძემ.