კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე შეატყობინა, - ამის შესახებ საგარეო უწყებიდან იუწყებიან.
კერძოდ, სამინისტროს განმარტებით, „კომპანიის ვარაუდით, მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით, დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით“.
„როგორც ცნობილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება. კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი. როგორც კომპანიაში „ჯორჯიან ეარვეის“ განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან შემთხვევის შემდგომი გამოძიების მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.