მაქსიმუმ რა უნდა ღირდეს ტომარა ფქვილი - მთავრობა ხორბლის ფასს დააზღვევს

ხორბალზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის 5.2 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მთავრობის 17 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებაზე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 5 200 000 ლარი მიიმართება.

პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას. სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირება.

„ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული/მისაღები შესაბამისი მოცულობის პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 თვის განმავლობაში, პროგრამის პირობების და სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

„ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირება განხორციელდება ამ დადგენილების ამოქმედების თარიღიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

დადგენილებით განსაზღვრულია სანქციებიც. უფრო კონკრეტულად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.

შეგახსენებთ, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამის დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყო.

თაია არდოტელი