ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. საუბარია, შპს „რესპირატორზე“ რომლის დირექტორის განცხადებით, ნებართვა ლუგარის ლაბორატორიისაგან მიიღეს, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს.
ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
შპს „რესპირატორი“, რეესტრში 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი სერგო გალუსტიანი, დირექტორები კი ასევე - სერგო გალუსტიანი და ლაშა ლაბარტყავა არიან.
შპს „რესპირატორის“ გარდა, რეესტრის მიხედვით, სერგო გალუსტიანი კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი, მეწილე ან დირექტორია. კერძოდ, მის სახელთან დაკავშირებული კომპანიებია - LLC MEGA B, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „ეიდი ტეკი“, შპს „ად მედია“, შპს „ედ სპეისი“ და შპს „პრინტ ვიჟენ“.
ამასთან, ცნობისთვის, სერგო გალუსტიანს კომპანიების - LLC MEGA B-ს, „ეიდი ტეკის“, „ად მედიას“, „ედ სპეისისა“ და „პრინტ ვიჟენის“ სახელით 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის 60 ათასი, ხოლო 2016 წელს ქართული ოცნებისთვის - 40 ათასი ლარის შემოწირულობა აქვს განხორციელებული.