„ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება“

„ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება“, - ამის შესახებ საუბარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

„აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს. განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს, რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს. უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში. გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი“, - ნათქვამია ეპისტოლეში.