მეზობელ თურქეთში ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც Guardian-ი წერს, იმ შემთხვევაში, თუ მავნებლის განადგურება არ მოხდება, წელს თხილის მოსავლის 30% გაფუჭდება. შესაბამისად, თურქეთში თხილის მწარმოებლები სერიზული პრობლემის წინაშე დგანან.
აღსანიშნავია, რომ ფაროსანა თურქეთის შავი ზღვისპირეთის 8 რეგიონში უკვე გავრცელდა. ქვეყანაში მავნებელი პირველად 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც საქართველოში მის წინააღმდეგ უკვე აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა.
ექსპერტების შეფასებით, ფაროსანამ საქართველოში თხილის წარმოება 50 მლნ დოლარით აზარალა, მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კი დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. უკვე 2018 წელს შესაძლებელი გახდა მავნებლის კონტროლის ქვეშ მოქცევა, შესაბამისად, გაუმჯობესდა ქართული თხილის ხარისხი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ფაროსანა მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში ისევ გავრცელდეს. როგორც კომპანია „კესკიას“ დირექტორი ამბობს, თურქეთი ახლა იმ ეტაპს გადის, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა. რაც შეეხება გავრცელების ახალ რისკებს, მარიამ კოდუას თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
„თურქეთში ფაროსანა ჩვენს შემდეგ დაფიქსირდა. წელს უკვე ეშინიათ, რომ თხილს და შავი ზღვის ზოლზე განლაგებულ კულტურებს, მათ შორის ჩაის, გაანადგურებს. თორემ, ჩვენს შემთხვევაში ფაროსანას აქტიური შეტევა იყო შარშანწინ, შარშან უკეთესი მოსავალი გვქონდა. წელს გაცილებით ნაკლები საფრთხეა. ამას ისიც ემატება, რომ ყველა საჭირო ღონისძიებას აქტიურად ვატარებთ. შესაბამისად, იმის შიში, რომ შეტევა ახლიდან დაიწყება, ნამდვილად არ გვაქვს“,-ამბობს მარიამ კოდუა.
რაც შეეხება წელს თხილის მოსავლის მოლოდინებს, „კესკიას“ დირექტორის თქმით, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს, შარშანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, უკეთესი ხარისხის იქნება.
აქვე, აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, 2520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სადგურების მეშვეობით მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა მოხდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა დაიგეგმება.