მას შემდეგ, რაც ფრენები აღდგება, საქართველოში მოქმედი სასტუმროების ნაწილი ფასების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშშია აღნიშული.
სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა, თბილისის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეებისა და ოპერატორების გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა მარტის ბოლო კვირას და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხული სასტუმროების იდენტიფიცირება მოხდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით; 32 სასტუმროდან 50% გამოეხმაურა კითხვარს, რაც ნაწილობრივ თბილისის მასშტაბით არაბრენდული სასტუმროების მასობრივმა დახურვამ განაპირობა.
"პანდემიის პირობებში, გამოკითხული სასტუმროების 75% დახურულია. დანარჩენები კი ფუნქციონირებას განაგრძობენ ორი მიზეზით:
1) გაუქმებული ფრენების გამო თბილისში დარჩენილი ტურისტების განთავსების უზრუნველყოფა
2) სასტუმროს პერსონალის იმ ნაწილის განთავსება, რომლებიც თბილისში საცხოვრებელს ქირაობდნენ. მოგეხსენებათ, ბრენდული სასტუმრო ქსელები საქართველოში არაერთი ობიექტით არიან წარმოდგენილნი.
შექმნილი ვითარების გამო, სასტუმრო ქსელებმა საქართველოში დარჩენილ ტურისტებს თითო ობიექტი დაუთმეს, ერთიც, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, საკარანტინე ზონად გამოყვეს. დანარჩენი ობიექტები დახურულია.
სასტუმროების წარმომადგენელთა განცხადებით, ჯავშნების ანულირება თებერვლის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩინელი ტურისტების ჯავშნები გაუქმდა. რეზერვაციების ძირითადი ნაწილი კი უკვე თებერვლის ბოლოს გაუქმდა, მაშინ როცა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრენდულ სასტუმროებში მაისის მეორე ნახევარში ჯავშნები ჯერ კიდევ ფიქსირდება, თუმცა სასტუმროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს რეზერვაციებიც გაუქმდება. არაბრენდული სასტუმროების 40%-ში დაჯავშნილი ნომერი არ ფიქსირდება.
კვლევამ ძალიან საინტერესო სურათი გვიჩვენა სასტუმროების სამომავლო საფასე სტრატეგიასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ფრენები აღდგება და სასტუმროები ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, გამოკითხული სასტუმროების 37.5%-ის მმართველი გუნდი ფასების შემცირებას გეგმავს; 6.35%-ს ჯერ არ აქვს შემუშავებული ფასების განსაზღვრის სამომავლო სტრატეგია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი აღნიშნავს, რომ ფასების შემცირებას არ გეგმავენ. სასტუმროს მეპატრონეთა აზრით, ამ ეტაპზე სასტუმრო სექტორში ნდობის კრიზისია, რაც უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საფასე პოლიტიკა. შესაბამისად, ფასების შემცირებით მოთხოვნა არ გაიზრდება. მათი თქმით, ზარალის სწრაფი ანაზღაურებისთვის საჭიროა შენარჩუნდეს აქამდე არსებული ფასები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ სასტუმროების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდება, ეს აისახება უკლებლივ ყველა სასტუმროს საშუალო დღიურ მაჩვენებელზე",- აღნიშნულია კვლევაში.