"თუ კრიზისი დიდხანს გასტანს, სასტუმროებს სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება აპრილის ხელფასიც ვერ გაისტუმროს, თუკი რაიმე სახის დახმარებას არ მიიღებს. ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშშია აღნიშული.
სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა, თბილისის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეებისა და ოპერატორების გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა მარტის ბოლო კვირას და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხული სასტუმროების იდენტიფიცირება მოხდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით; 32 სასტუმროდან 50% გამოეხმაურა კითხვარს, რაც ნაწილობრივ თბილისის მასშტაბით არაბრენდული სასტუმროების მასობრივმა დახურვამ განაპირობა.
"სასტუმროების პოლიტიკა პერსონალთან მიმართებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. 33.33%-მა მომსახურე პერსონალი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, 20%-მა კი ცვალებადი სამუშაო გრაფიკი და საათობრივი ანაზღაურების მოდელი დააწესა. შექმნილ ვითარებაში, მხოლოდ რამდენიმე არაბრენდულმა სასტუმრომ შეძლო მინიმალური ხელფასის გაცემა, გამოკითხულთა 20%-ს კი თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ. მაღალბიუჯეტიანი, ბრენდული სასტუმროები ჯერჯერობით თანამშრომლებს ხელფასს სრულად უნაზღაურებენ, თუმცა თუ კრიზისი დიდხანს გასტანს, სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება აპრილის ხელფასიც ვერ გაისტუმროს, თუკი რაიმე სახის დახმარებას არ მიიღებს.
სასტუმროების უმრავლესობა კრიზისთან გასამკლავებლად მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. ბრენდული სასტუმროების ნაწილი სათაო ოფისებიდან სამოქმედო ინსტრუქციების მოლოდინშია. არაბრენდული სასტუმროების 40% მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის წინა ეტაპზეა. დანარჩენებს ჯერ ამაზე ფიქრი არ დაუწყიათ.
როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები ყურადღებას ამახვილებენ გადასახადებისგან გათავისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე კრიზისულ და კრიზისის შემდგომ პერიოდებში. დამატებითი ღირებულების, საკუთრების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება მათ დაეხმარება თანამშრომელთა სამუშაო ადგილის შენარჩუნებასა და ხელფასების გაცემაში",- აღნიშნულია კვლევაში.