მარტში, დიდ ბრიტანეთში ოპერირება 51 498 კომპანიამ შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ამავე დროს, ბრიტანეთის საწარმოთა კვლევის ცენტრის მონაცემებით, სამეფოში ახალი ორგანიზაციების შექმნა მეოთხედით შემცირდა.
”2020 წლის მარტი დამღუპველი იყო”, - განაცხადა კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ მარკ ჰარტმა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის სარეგისტრაციო პალატის სტატისტიკა შეიძლება არარელევანტური იყოს, რადგან ტექნიკურად ორგანიზაციას კომპანიების ოფიციალურად ლიკვიდაციისთვის თვეები დასჭირდება. ჰარტის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ დახურული კომპანიები არის „დროებით დახურული და არა სამუდამოდ“.
ჰარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეფოში კერძო ბიზნესის დახურვის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს დამატებით ზომებს ბიზნესის მხარდასაჭერად. უკვე დაწყებულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაზარალებული ბიზნესებისთვის სესხის პროგრამა, თუმცა მისი თქმით, მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერა უნდა დააჩქაროს.
დიდი ბრიტანეთის საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ორგანიზაცია (OBR) უკვე პროგნოზირებს ეკონომიკური საქმიანობის 35%-იან შემცირებას სამ თვეში. ამავდროულად, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელი ენდრიუ ბეილი ეთანხმება ამ პროგნოზს, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი "ჭრილობების შეხორცების" შემდეგ, დარჩება "ნაწიბურები", რაც საკუთარ თავს დიდხანს შეგვახსენებს.
კომპანიების რიცხვის ყველაზე მკვეთრი შემცირება ლონდონში დაფიქსირდა - იქ მუშაობა 6 431 ორგანიზაციამ შეაჩერა, უელსსა და ვესტ მიდლენდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის მარტში, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული - სატრანსპორტის სექტორია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სფეროში გაჩერებული საწარმოების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, ბევრი მოთამაშე ტოვებს უძრავი ქონების და საბითუმო ბაზრებს.