პანდემიის გამო, მსოფლიო ატიპიური მოვლენის წინაშე დგას. ყველა იმედოვნებდა, რომ კორონავირუსი მაის-ივნისში უკან დაიხევდა, რაც მსოფლიო ვაჭრობაზე დადებითად აისახებოდა, თუმცა არსებულმა ვითარებამ ხილ-ბოსტეულით საერთაშორისო ვაჭრობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, - წერს East-fruit.
კერძოდ, როგორც FAO-ს ინვესტიციის დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმარკი პროგნოზირებს, 2020 წელს ხილითა და ბოსტნეულით საერთაშორისო ვაჭრობა 30%-ზე მეტით შემცირდება.
„კორონავირუსის გავრცელებამ, ენერგიაზე ფასების შემცირება გამოიწვია, რაც ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიაზე თავისთავად აისახა. რატომ მოხდა ასე? ფაქტია, რომ აღნიშნული პროდუქტების მოხმარების დიდი წილი შედარებით შეძლებულ სეგმენტზე მოდის, სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მდიდარია ენერგორესურსებით. ასეთი ქვეყნები ბევრ ექსპორტს ახორციელებენ, ბევრს გამოიმუშავებენ და შემდეგ დიდი რაოდენობით საკვების იმპორტს ახდენენ. შესაბამისად, ენერგიის ხარჯების შემცირება, ყოველთვის უარყოფითად აისახება ხილისა და ბოსტნეულის სეგმენტზეც.
თუ საყოფაცხოვრებო ხარჯები ბევრ ქვეყანაში შემცირდება, ამის პარალელურად, კრიტიკულად არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკვების მოხმარებაც შემცირდება“,- განაცხადა ანდრეი იარმარკმა.
გარდა ამისა, როგორც FAO-ს ინვესტიციის დეპარტამენტის ეკონომისტი ამბობს, ქვეყნების ნაწილი თავდაცვის რეჟიმში გადავიდა, რის გამოც უარი თქვა ექსპორტზე და იმპორტზე. ასეთ ვითარებაში კი, შესაძლოა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს, რიგი ქვეყნებისთვის კი, ის უბრალოდ ხელმიუწვდომელი გახდეს.
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 2020 წელს ვაჭრობის შემცირებას, 30%-ზე მეტით ვარაუდობს. თუმცა, კენკრის სემგმენტში, ეს შემცირება შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს, რადგან ეს ვაჭრობის ყველაზე რთული მიმართულებაა“,-აღნიშნა ანდრეი იარმარკმა.