კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო ამანათები დაურიგეს და მათ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ „ბიზნეპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის გარდა, კომპანია „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 110 ლარიანი სასურსათო კალათები დაურიგდებათ თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში (სოფლები: მაშავერა, დიდი დმანისი, ვარდისუბანი, ბექთაქარი, სენები, ტანძია, ჯვარა) მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჯამში კომპანია სურსათს 500-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს.
„არემჯი“ ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება. ეს არის 7 სოფელზე გადანაწილებული 500 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთაც 110 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადაეცემათ. ჩვენ, ერთი მხრივ, ვცდილობთ დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს და მეორე მხრივ, გვერდში დავუდგეთ ქვეყნის ეკონომიკას. მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „არემჯის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ამ პერიოდში მუშაობს. მათი თავდაუზოგავი შრომა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, “ - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
კომპანია „არემჯიმ“ COVID – 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის StopCoV ფონდში 1.000.000 ლარი ჩარიცხა, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს მოხმარდება.