ბიზნესმენი თემურ ჭყონია „მაკდონალდსის“ 2 რესტორნის და ფუნთუშების ქარხნის მშენებლობას ვერ ახერხებს.
ბიზნესმენი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა მთავრობა პროექტის განხორციელების უფლებას ჯერჯერობით არ აძლევს.
„რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესდა, სამშენებლო სექტორისთვის განსხვავებული უნდა იყოს. კერძოდ, მცირე ზომის შენობების მშენებლობაზე უნდა იყოს სხვა, საშუალო ზომის შენობებისთვის სხვა და დიდისთვის - სხვა. ჩვენ სამშენებლო ობიექტებზე უნდა მუშაობდეს მაქსიმუმ 15 ადამიანი, მაგრამ მოვხვდით იმ სამშენებლო რეგულაციებში, სადაც მუშაობს 150 ადამიანი, რაც არასწორია.
ჩვენთან იყვნენ შემოწმებაზე სპეციალისტები, რომელთაც ნახეს, რომ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩვენს პროექტებს ემსახურებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას იცავენ. სპეციალისტებმა ეს დაადგინეს, მაგრამ სამწუხაროდ, მათი დადგენილება უნდა გადავიდეს ბიუროკრატიულ თემაში, უნდა გაიმართოს სამთავრო სხდომა, რომელიც ამას დაამტკიცებს. ე.ი. რა სიტუაციაში ვხვდებით - სპეციალისტების მიერ მიღებულ, დამტკიცებულ სისტემას, ამტკიცებს კიდევ ვიღაც. რა საჭიროა დღეს ასეთი ბიუროკრატია. მე რომ ხშირად ვსაუბრობ საბჭოურ მენტალიტეტზე, ამაზე ვამბობ, სხვაზე კი არაფერზე. თუ ხარ სპეციალისტი და დაარტყი ბეჭედი, რაღა საჭიროა შემდეგ სხვის დამტკიცება. მაგალითად, თუ ქალბატონი მარინა ეზუგბაია იტყვის, რომ ამას სჭირს კორონავირუსი, რაში სჭირდება ტიკარაძის დამტკიცება ამას.
ეს არის საბჭოური მენტალიტეტი, ბიუროკრატია უნდა იყოს, მაგრამ სწრაფი და სწორი. ამ ბიუროკრატიის გამოა, რომ გაჩერებულია ჩვენი სამი პროექტი. მერე კი ამბობენ, რატომ ვერ ვითარდება ეკონომიკაო“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას და კონკრეტული თარიღი, თუ როდის დასრულდება პროექტების მშენებლობა, ვერ დაასახელა: „გვსურდა, რომ მაისის ბოლოს გაგავეხსნა რესტორნები, მაგრამ ახლა ზუსტად ვერაფერს გეტყვით“.