დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რეკომენდაციები, პირველ რიგში, მიმართულია, მშობლების, ბებიების და ბაბუების, ასევე, მომავალი თაობის ჯანმრთელობის დასაცავად.
„კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს. პირველ რიგში, ეს ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, საქართველო ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.