საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.
რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, მინისტრის თქმით, ასეთ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და სავაჭრო ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს.
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამ საკითხზე ჩვენ კომენტარი არაერთხელ გაგვიკეთებია. საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.
რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ასეთ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვს შორის შვეიცარიის საელჩოს შემადგენლობაში არსებული საქართველოს და რუსეთის ინტერესთა სექციის პოტენციალის გამოყენებაც“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება.