"სახელმწიფოს შეუძლია, 1 200-დან 1600 - მდე მოქალაქე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს - ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ, მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია, რომ 1 200-დან 1600 - მდე მოქალაქე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. მისივე თქმით, ამ რიცხვის მიღწევის შემდეგ, პაციენტების მომსახურება ასეთი სრულყოფილი ვეღარ იქნება და შეიძლება იმ მეთოდის გამოყენება დაიწყოს, რომელსაც ევროპის ქვეყნები მიმართავენ. ცერცვაძის თქმით, ეს პაციენტების ძირითადად სახლში დარჩენას გულისხმობს.

,,არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეს რომელსაც კოვიდის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდა, ადეკვატური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილიყო. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს თუ 400 პაციენტია, ამ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, სახელმწიფო 1 200 - დან 1 600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს. შემდგომში ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების ის ტიპი, რომელიც არის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრეპარატ „პლაქვენილზეც" ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ნახევარზე მეტი ამ პრეპარატით სარგებლობს და მისი დეფიციტი აფთიაქებში არ არის. პრეპარატის დანიშვნის ძირითადი სიმპტომები 38 გრადუსზე მაღალი ცხელება, ძლიერი ხველა, სისუსტე, გონიერების დაბინდვა და რენდგენოლოგიური პნევმონიაა.