"ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა იანვრიდან დღემდე იყო ძალიან დროული და ყოველთვის იძლეოდა შედეგს"

აქამდე, ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა, დაწყებული იანვრიდან დღემდე იყო ძალიან დროული და მიზანდასახული, ის ყოველთვის იძლეოდა შედეგს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შედეგია ის, რომ 408 შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტების უკვე საკმაო მარაგია შექმნილი.

„სხვადასხვა გადაცემებში მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა ჯგუფებზე გაფართოვდება ეს, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები, თუ ისინი ინფიცირებული არიან . დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და ძალიან მიხარია შედეგები, რომ 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ გაქვს 0 შემთხვევა, უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ. ერთ წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს იმიტომ, რომ წინ კიდევ შეიძლება და ასე იქნება, შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ათეული ყოველდღიურად, რამდენიმე ასეული, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ ადამიანებს, ვინც დღეს კლინიკებში არიან და გადიან მკურნალობას, ყველაფერი ეძლევათ მათ, რაც საჭიროა და ამიტომ არის შედარებით ნაკლები დაზიანების მაჩვენებელი ქვეყანაში.

„მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება. მესმის, რთულია, ერთი კვირით კიდევ გადავადება და გაგრძელება მანქანებით მოძრაობის აკრძალვის მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის. ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. იცით, რომ ჯერ ვაქცინა არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით, პირდაპირი დანიშნულების, ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსული ინფექციის, თუ იქნა შემოდგომაზე, ან როცა იქნება შემდგომ წლებში, ტალღები. მოგეხსენებათ, სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში. გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, კიდევ ერთხელ. ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების, ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ძალიან ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.