მთავრობა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა დამატებითი ავიარეისები შემდეგი მიმართულებით: 5 მაისი - ათენი-თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი, 9 - მაისი ბერლინი-თბილისი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ახლო მომავალში განხორციელდება შემდეგი ავიარეისები: 22 აპრილი -ერბილი-ბათუმი, 24 აპრილი- ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი - ვარშავა-თბილისი, 30 აპრილი - მადრიდი-თბილისი 2 მაისი - პრაღა-თბილისი.
„გუშინ განხორციელდა რომი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 180 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, სტუდენტები, არასრულწლოვანი ბავშვები, მეზღვაურები და სხვა. საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის: ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.