მაისში ყავა გაძვირდება - არის თუ არა მარაგები საქართველოში

საქართველოში ყავა მაისიდან გაძვირდება. როგორც კომპანია „ჩერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მსოფლიოში ყავის ფასი არ მცირდება, ეროვნული ვალუტა კი არ იძლევა მის შესაძლებლობას, რომ პროდუქტის ღირებულება საქართველოში უცვლელი დარჩეს. მისი თქმით, ყავის გაძვირება გარდაუვალია და სავარაუდოდ, 5-8%-ით მოიმატებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა, რის გამოც იმპორტიორებმა პროდუქტის მომარაგება დაიწყეს. ამის პარალელურად, მოიმატა ყავის ღირებულებამაც. კერძოდ, თუ თებერვალში ყავის ფიუჩერსები 20%-ით გაიაფდა და ერთ ფუნტზე (0.45კგ) 1 დოლარი შეადგინა, 20 მარტს ერთი ფუნტის ღირებულება 1,3 დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოში ყავის გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს კომპანია „ ჩერის“ გენერალური დირექტორიც. როგორც ირაკლი ლომთათიძე აღნიშნავს, სულ ცოტა ხნის წინ, ყველაზე მასობრივი მოხმარების ყავაზე, კომპანიას დეფიციტიც კი შეექმნა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამჟამად „ჩერის“ მარაგები შევსებული აქვს, შესაბამისად, გაზრდილ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხებს.

„ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოში ყავაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მეტიც, მოთხოვნის ზრდამ შედარებით ეკონომიური დასახელების ყავებზე 2-კვირიანი დეფიციტი გამოიწვია. ანუ, იმ პროდუქტებზე, რომელიც მასობრივი მოხმარების არის. ახლა თადარიგი დაჭერილი გვაქვს. მარაგები შევავსეთ, რომ დეფიციტი აღარ განმეორდეს“,-ამბობს ირაკლი ლომთათიძე.

მისი თქმით, გაზრდილი მოხმარების პირობებში, კომპანიის მარაგები ივნისის დასაწყისამდე მაინც იქნება სამყოფი. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც „ჩერი“ ყავისა და ნედლეულის იმპორტს ახორციელებს, ესენია: ბრაზილია, ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია და აშ.

„ჩვენ სხვადასხვა დასახელების ყავის იმპორტს ვახორციელებთ 11 ქვეყნიდან. აქედან, ყველაზე დიდი წილი შემომოგვაქვს ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ვიეტნამიდან და ინდონეზიიდან. ამის შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: კოლუმბია, კენია, გვატემალა, ეთიოპია და ა.შ. აქედან შედარებით ნაკლები რაოდენობის, იშვიათი და ძვირფასი ჯიშის ყავები შემოდის.

რაც შეეხება მარაგებს, ამ წუთას გვაქვს ივნისის შუა რიცხვებამდე, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, ივნისის დასაწყისამდე მაინც, სამყოფი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყავის ფასები მსოფლიოში არ გაიაფებულა და ნედლეული იყიდება დოლარში, ჩვენი ლარის კურსით კომპანია დიდი ხანი ვერ იმუშავებს. შესაბამისად, სავარაუდოდ, მაისიდან, 5-8%-ით გაძვირდება. ეს არის გარდაუვალი პროცესი. დოლარის კურსი 3-ლარზე ზევით, ეს იმპორტზე დამოკიდებული კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს მარტო ჩვენ არ გვეხება, ზოგადად, იმპორტირებულ ყავის პროდუქტებზე ვსაუბრობ“,-ამბობს ირაკლი ლომთათიძე.

ნინი ქეთელაური
რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორია სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში
"ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე"
წინასწარი შეფასებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა