ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიო ბანკისგან 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს, მაქსიმუმ მაისში მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ბანკისგან 45 მილიონი ევროს ოდენობის სესხს, მაქსიმუმ მაისში მიიღებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 30 მარტს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 45 მილიონი ევრო სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

„გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რაც საფუძვლად დაედო ამ თანხის გამოყოფას და წელს უკვე ამ თანხას მივიღებთ ყოველგვარი პირობების გარეშე. ველოდებით, რომ მაქსიმუმ მაისში 45 მილიონი ევროს იქნება ჩარიცხული. ეს იქნება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება სესხის ვადიანობას და პირობებს, სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ფიქსირებულია და 1.25%-ს შეადგენს. სესხი ქვეყანაში შემდეგი რეფორმის ჩატარებაზე მიიმართება: მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მექანიზმის შექმნა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება; კონკურენციის დონის გასაუმჯობესებლად, კონკურენციის სააგენტოს მმართველობის გაძლიერება; მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.