დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობენ.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ სწორედ იმისთვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს.
„ყველა მონაცემებიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარების გახანგრძლივება. ამ გადაწყვეტილების გარშემო როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს, ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით. თუმცა, ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას მომდევნო დღეებში წარმოადგენს. არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და თუნდაც ჩვენზე მდიდარ ქვეყნებს არა აქვთ არც მზა გამოყოფილი ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი, კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთასორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა. ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქლაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. სწორედ იმისთვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს. რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ, მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.