2020 წლის პირველი კვარტალში სტრიმინგ სერვისის კომპანია Netflix-ის მოგება რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 709 მლნ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციის თანახმად ერთ აქციაზე მოგებამ შეადგინა 1,57 დოლარი, მთლიანმა შემოსავალმა კი 5,77 მლრდ დოლარი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიას 15,8 მლნ აბონენტი დაემატა.
Netflix-ში ამბობენ, რომ მეორე კვარტალში ელოდებიან გამომწერების რაოდენობის 7,5 მილიონით ზრდას. თუმცა პროგნოზირებენ, რომ საყოველთაო კარანტინის შემდეგ შეუმცირდებათ გამომწერები და შესაბამისად, დაიკლებს წმინდა მოგებაც.
შეგახსენებთ, Netflix-ი მომხმარებელს სტრიმინგ სერვისს უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაში სთავაზობს. კომპანია 1997 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში, კალიფორნიაში. 2013 წლიდან Netflix-ი იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და სატელევიზიო გადაცემებს.