ამერიკაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტანსაცმლის მაღაზიები ათობით მილიარდი დოლარი ღირებულების პროდუქციას ვერ ყიდიან, რამდენადაც გაყიდვების ტრადიციული სქემა არ მუშაობს - წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მართალია, საცალო სავაჭრო ობიექტები აქტიურად იყენებენ ფასდაკლებით აქციებს თავიანთ საიტებზე, მაგრამ მომხმარებლები არ ჩქარობენ საგაზაფხულო ტანსაცმლის შეძენას. პროდუქციას ვერ ყიდიან საბითუმო მაღაზიებიც.
”ეს არ ჰგავს ღვინოს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება”, - ამბობს Calvin Klein-ის და Tommy Hilfiger-ის აღმასრულებელი დირექტორი მენი კირიკო. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება.
ზოგიერთი კომპანია იმედოვნებს, რომ არსებულ მარაგებს მომავალ წელს გაყიდიან. თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ შენახვა ძვირი დაუჯდებათ, განსაკუთრებით ძვირადღირებული ბრენდების პროდუქციის.
გასულ კვირას Saks Fifth Avenue-მ ერთიანი ფლეშ-გაყიდვაც მოაწყო 70%-იანი ფასდაკლებით საზაფხულო კაბებზე. 40-დან 60%-მდე ფასდაკლების აქციები იყო სხვადასხვა პროდუქციაზე, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელი მინიმუმზე შენარჩუნდა.
მიუხედავად დაბალი ფასების ცდუნებისა, ამერიკელი მყიდველები თავს არიდებენ ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ფულის დახარჯვას. Rakuten Intelligence- ის კვლევის თანახმად, წინა წელთან შედარებით ამ კატეგორიაში ონლაინ გაყიდვები 9 მარტიდან, ყოველკვირეულად 20%-ით მცირდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ საცალო ვაჭრობის კომპანიებს მოუწევს მოძებნონ სხვა გზები „ჩაწოლილი“ საქონლის თავიდან მოსაცილებლად. მარტიდან, ბევრმა ქსელმა შეამცირა საკრედიტო ხაზები და გაათავისუფლა მუშები.