ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, ვინ სარგებლობს ავტომობილებით გადაადგილების ნებართვით და აცხადებს, რომ ისინი მკაცრად კონტროლდება შსს-ს მიერ

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, ვინ სარგებლობს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების ნებართვით. როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მკაცრად კონტროლდება ყველა იმ ავტომობილის გადაადგილება, რომელიც სარგებლობს სპეციალური ნებართვით.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვების გაცემა კონკრეტული პირთა წრისთვის. აღნიშნული ნებართვები გააჩნიათ: საკვები პროდუქტების, სურსათის და სამედიცინო დანიშნულების, ფარმაცევტული პროდუქტების მიტანისა და მომსახურების სერვისებს. ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის ფუნქციონირებს 2835 აფთიაქი და მათ შორის ოთხი დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი. დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 5000-ზე მეტი სასურსათო ობიექტი და შესაბამისად, ამ მაღაზიების მომსახურე პერსონალს სჭირდება შესაბამისი საპტრანსპორტო გადაადგილება. 1300-ზე მეტი პურ-ფუნთუშეულის საცხობი და საწარმო მაღაზია არის დღეს საქართველოში გახსნილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობისათვის. ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ფუნქციონირებს და მათ შორის არის 300-ზე მეტი საავადმყოფო თავისი პერსონალით. ასევე, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან სამედიცინო ობიექტამდე და ასევე, ექიმებსაც აქვთ საშუალება, რომ მათ მოემსახურონ ადგილზე, თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს. ჟურნალისტური საქმიანობისთვის გადაადგილდებიან ადამიანები, ისინი დღე-ღამის განმავლობაში ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას იმიტომ, რომ ცნობიერების ამაღლება ამ ვირუსის პირობებში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები არის მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს ეკონომიკური აქტივობის. ეს ეკონომიკური აქტივობა თავიდანვე იქნა დაშვებული და ამას სჭირდება თავისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საბაჟო პროცედურების განხორციელების თვალსაზრისით და ასევე, სხვა პროცედურების უზრუნველსაყოფად. შენობის საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის გაწევის მიზნით გადაადგილდებიან ავტომობილები, ასევე, ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატების, ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის და ინკასაციისთვის. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებაც არის გამონაკლისებში. ასევე მიცვალებულების გადასვენების და დაკრძალვის მიზნით გადაადგილება, საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიზნით გადაადგილება, ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადაადგილება, რაშიც იგულისხმება ლიფტები, გაზზსადენები და სხვა საყოფაცხოვრებო აუცილებელი ფუნქციები. საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად, თუმცა აღნისანიშნავია, რომ სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო რეგულაცია, რომ მაქსიმალურად გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ ავტომობილით გადაადგილება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ისინი 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ბოროტად არ ისარგებლონ ამ დაშვებით ადამიანებმა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.