რაკი ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ არ წარმოგვიდგენია ისე, რომ სასწორის ერთ მხარეს არის სიცოცხლე და მეორე მხარეს - ფული, აქ სასწორის ორივე მხარეს სიცოცხლე დგას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზიანი შეიძლება არანაკლებ მასშტაბური იყოს. დეპუტატის თქმით, გაუგებარია, რას გვთავაზობს ხელისუფლება იმ პირობებში, როცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ მომავალი ზამთარი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
„როცა ჩაკეტვაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მისი აღსრულებაც არ ხდება სათანადოდ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას სურს, ანგარიში გაუწიოს იმ ფანატიკოსებს, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს 95%-ის კანონმომრჩილებით და პრაქტიკულად უაზროს ხდიან იმ უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს, იმ შიმშილს და გაჭირვებას, რაშიც საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე უკლებლივ არის ჩავარდნილი. რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, რა თქმა უნდა, თუ ტესტები ისეთი შეზღუდული რაოდნეობით ჩატარდება, როგორითაც საქართველოში ტარდება, ყოველთვის შეგვეძლება თავი დავიმშვიდოთ და მოვიწონოთ იმით, რომ ჩვენთან კარგი მდგომარეობაა. მთავრობა გვთავაზობს ერთი თვით გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, როცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და დავიმოწმებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გუშინდელ განცხადებას, რომ ძალიან მძიმე და ამაზე უფრო მძიმე იქნება მომავალი ზამთარი და რას აპირებთ მეგობრებო?“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და აღნიშნა, რომ ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ექიმების ეკიპირება ქვეყანაში სათანადოდ არ ხდება.
„მე ველოდებოდი, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე გამოსვლისას თუნდაც იმას, რა მდგომარეობა დახვდა, როცა მან საქართველოს საავადმყოფოები ჩამოაიარა. ასეთი დაბალი რიცხვების პირობებში, როცა 400 ინფიცირებულია, 7 საავამდყოფო მოხვდა კარანტინში და 16 მედპერსონალია ინფიცირებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ექიმების დაცვა, აღჭურვა და ეკიპირება ქვეყანაში სათანადო არ არის, აქ საუბარი არ მაქვს იმ 7 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელიც COVID19 -ისთვის არის გამოყოფილი. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი ასეთი სიმპტომებით შეიძლება ნებისნიერ ადგილას მივიდეს და რა ზომებია მიღებული, ამას მაინც უნდა ამბობდეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.