პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის ნომერზე (144) შევიდა 260 000-ზე მეტი ზარი, რამაც ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული შეფერხებები გამოიწვია.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს განსაკუთრებულად მაღალი აქტივობაა, მაგრამ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას შეზღუდვებსა და იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც მათ შეიძლება ისარგებლონ,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 144-ს დაუკავშირდნენ, რადგან „112“ ისეთი შემთხვევებისთვის მოქმედებს, როდესაც მოქალაქეებს პოლიციის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება სურთ.
„როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას 144-ზე ვერ იღებენ, ისინი მიმართავენ „112“-ს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში „112“ ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, როდესაც მათ სურთ მიმართონ პოლიციას, ან სურთ მიიღონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.