საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოციალურ მედია ინიციატივას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალი ინიციატივა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული.
„ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია COVID 19-სკენ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხების მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში და, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევისას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისათვის ყველაზე აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხთა შორის შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დღეისათვის დედამიწის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
„2020 წელს, დედამიწის დღის თემა კლიმატის ცვლილებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას, რომლის დასაცავად თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაეხმარება ქვეყანას კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ბევრ საინტერესო ონლაინ აქტივობას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, „დედამიწის დღე“ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. ,,დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა.