კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა – ამის შესახებ გაეროს „მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა. მისი თქმით, კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დრო ჩვენს მხარეს არ არის. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და სწრაფად“, - განაცხადა ბიზლიმ.
გაერო-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ათი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტებისგან, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებებისგან არის დაზარალებული. „საკვების კრიზისის გლობალურ ანგარიშის“ მიხედვით, ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
გაეროს მონაცემებით, COVID-19-ის ეფექტების გამო მსოფლიოში თითქმის 130 მილიონ ადამიანს ემუქრება შიმშილი.