შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებით „112“-ზე არ დარეკონ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში „112“-ში შესული ზარების უმეტესობა არამიზნობრივი ხასიათის იყო და მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, ვერ ახერხებენ „112"-თან დაკავშირებას.
„მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს „112“-ს უკავშირდებიან, ასევე, საინფორმაციო სახის და ე. წ. დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები. 21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12:00 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4 966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ „112“-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს. მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ „112“-თან დაკავშირებას. გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.