ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მიჩვეულია ბევრად უფრო თამამი და პოპულისტური დაპირებების გაცემას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და დაპირება, რომელსაც გავცემთ, უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა შეძლოს საჭირო თანხების მოზიდვა სოციალური პაკეტების უზრუნველსაყოფად და ბიზნესის მხარდასაჭერად.
მისივე განცხადებით, ძალიან მოკლე ვადაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების შედეგად, მოზიდულია დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი.
„ჩვენ უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები. პარასკევს შედგება ამ გეგმის პრეზენტაცია. მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვხედავთ, რომ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაკარგა ან ვისაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. რაც შეეხება საბანკო შეღავათებს, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, გაგრძელდება, თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებების შემუშავება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეძლო პირველადი აუცილებლობის შეღავათების დაწესება, რაც გულისხმობს კომუნალურ გადასახადებსა და კომერციულ ბანკებთან მიღწეულ შეთანხმებას არსებული სესხების 3 თვით გადავადების შესახებ.
აღნიშნულ კომენტარს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.