ვის აქვს ავტომობილით გადაადგილების უფლება  - მთავრობის განახლებული ნუსხა

საქართველოს მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, ვისაც ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ:

1. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია):

პაციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას მასზედ, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე/საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ელექტრონულად, მათ შორის მობილურ ტელეფონზე ფოტოსურათის გადაგზავნით.

იგივე პროცედურით ხდება ექიმის მიერ შესაბამისი ცნობის გაცემა, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერისას საჭირო გადაადგილებისთვის. ამ შემთხვევაშიც ექიმი გასცემს ცნობას, რომელშიც უთითებს სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლს და პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს.

სოფლის ექიმთან კონსულტაცია:

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლია სოფლის ექიმთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გასცემს ცნობას აფთიაქში გადაადგილების მიზნით. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო, ასევე, მძღოლის მონაცემები და სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

2. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მიზნობრივი გადაადგილება:

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას/მოწმობას.

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს სხვა პირსაც, თუ ის ასევე ფლობს კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას.

ცნობა უნდა იყოს სველი ბეჭდით დამოწმებული და მასში მითითებული უნდა იყოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი), დაკავებული პოზიცია, პირის გადაადგილების მარშრუტი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.

3. სამედიცინო დაწესებულებებში დაწესებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედება:

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებებში არ დაიშვებიან პაციენტების ოჯახის წევრები ან მნახველები.

კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრის მიერ საკვების, ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება გასცემს საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებულია გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის, გადაადგილების ტრაექტორია, საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი, გადაადგილების დრო და საათი, გადასაადგილებელი ტრანსპორტის მარკა/მოდელი და სახ. ნომერი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძღოლის პ/ნ სახელი გვარი). აღნიშნული ცნობა საკვების/ნივთების გადამტან პირს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით, ან აქვს მატერიალური სახით, ან პოლიციას წარუდგენს ტელეფონით (ფოტოს სახით).

ნივთების კლინიკაში მიტანის შემდეგ, კლინიკა წერილობით, ბეჭდით ადასტურებს, რომ მიიღო ნივთები/საკვები. თუ პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა, კლინიკა უბეჭდავს და უდასტურებს ცნობაზე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალი ცნობას, რომ აღნიშნულმა პირმა ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.

4. აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების გადაადგილება:

აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების ავტომობილით გადაადგილება, სპეციფიკის გათვალისწინებთ დასაშვებია. ამ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლმა/თანმხლებმა პირმა უნდა წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა/ჯანმრთელობის ცნობა, მათ შორის დასაშვებია ელექტრონულიც (მაგ.ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი).

5. დისტრიბუციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება:

დისტრიბუციის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის.დისტრიბუციის განმახორციელებელი პირები უნდა გადაადგილდნენ M2/M3 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

6. ადგილზე მიტანის - „დელივერი“ სერვისი:

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის ე.წ. „დელივერი“ სერვისების მიწოდება დაშვებულია.

7. პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული (გასვენება, დაკრძალვა) გადაადგილება:

პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გადაადგილება დაშვებულია ოჯახის წევრებისთვის. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მიზნობრივად (პირის დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭიროებები) გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ თან უნდა ჰქონდეთ გარდაცვალების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ექიმის ცნობა გარდაცვალების შესახებ (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით).

8. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილება:

27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

9. სოფლებში სურსათის მაღაზიების დისტრიბუციის მიზნით გადაადგილება:

სოფლებში არსებული სასურსათო ობიექტების მეპატრონეებმა, მსუბუქი ავტომანქანით სურსათის მომარაგება/დისტრიბუციის განხორციელების ნებართვისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

10. ვეტერინარული სერვისის მიწოდებით მიზნით გადაადგილება:

ვეტერინარული სერვისის მიმწოდებელი პირების და მცენარეთა დაცვის საშუალებების/რეალიზაციის ობიექტების თანამშრომელთა გადაადგილება დასაშვებია.

გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღნიშნულმა პირებმა უნდა მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

11. ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებული გადაადგილება:

სატრანზიტო ან სხვა ტიპის ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად, შესაბამის უფლებამოსილ პირს აქვს მიზნობრივი გადაადგილების უფლება, იმ შემთხვევაში თუ წარადგენს ტვირთთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას.

საკმარისია დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით (მაგ. ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი) წარდგენა.