დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.
"ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის,“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.
„ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა,“ - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.