„საწარმო იმდენად ავტომატიზირებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უწევს ადგილზე მუშაობა“,- ამის შესახებ კომპანია „ჩერის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე 12-13 ადამიანია დაკავებული, რომლებიც სრული ეკიპირებითა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობენ. ადმინისტრაცია კი , საქმინობას სახლიდან განაგრძობს.
რაც შეეხება ზოგადად პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, როგორც ირაკლი ლომთათიძე აღნიშნავს, კარანტინმა ყავაზე მოთხოვნა გაზარდა, რის გამოც მარაგების შევსება გახდა საჭირო. თუმცა, ფრენების შეზრუდვის გამო, დოკუმენტაციის მიღება ვერ მოესწრო, შედეგად კი, ყავის კონკრეტულ სახეობებზე, 2-კვირიანი დეფიციტი შეიქმნა.
როგორც ირაკლი ლომთათიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ეს ხარვეზიც გამოსწორებულია, რადგან საბაჟოები, სკანირებული დოკუმენტების მიღებაზე გადავიდნენ. რაც შეეხება ტრანპორტირებას, მისივე ინფორმაციით, ყველა ქვეყნის საზღვაო მიმოსვლა და შესაბამისად, პორტები, შეუფერხებლად მუშაობს.
„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრობლემა მხოლოდ პორტიდან კონტეინერების გადმოტანაზე შეგვექმნა, რადგან ორიგინალი დოკუმენტები ვერ მოესწრო. მოგეხსენებათ, თვითმფრინავების მოძრაობა შეზღუდულია, შესაბამისად, ჩვენსა და ყავის მომწოდებელ ქვეყნებს შორის ორიგინალი დოკუმენტების გაგზავნა-მიღებაც შეფერხდა. თუმცა, აქაც უკვე გადავერთეთ დოკუმენტების სკანირებულ ვერსიებზე. ადრე საბაჟო მხოლოდ ორიგინალ დოკუმენტებს იღებდა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია.
სხვა მხრივ, საზღვაო ხაზები, მსოფლიო პორტები შეუფერხებლად მუშაობს და ყავის გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, ადმინისტრაცია მუშაობს სახლებიდან, საწარმოს პერსონალი კი, ეკიპირებითა და ყველანაირი მოთხოვნების დაცვით საქმიანობას საწარმოში აგრძელებს. ზოგადად კი, პროცესი იმდენად ავტომატიზირებულია, რომ საწარმოში სულ 12-13 ადამინს უწევს მუშაობა“,-ამბობს ირაკლი ლომთათიძე.