„ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას აგრძელებს

„ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გადაცემას მიმდინარე სემესტრშიც აგრძელებს.

სასწავლო წლის მეორე სემესტრში სტიპენდიას მიიღებენ ელენე ღამბარაშვილი, ელენე ჯავახიშვილი, გიორგი კუკავა და დავით ივანიაძე. „ნიკორაში“ განმარტავენ, რომ მათი მიზანია, სტუდენტებს მოტივაცია აუმაღლონ, შედეგად კი კვების ინდუსტრიის ხარისხი გაიზარდოს.

„ზოგადად, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათლების დაფინანსებასა და ახალგაზრდების მოტივირებას. გადავწყვიტეთ, ამ რთულ პერიოდშიც არ შევწყვიტოთ სტიპენდიის გაცემა და წარჩინებული სტუდენტები მიმდინარე სემესტრშიც ტრადიციულად მიიღებენ მას. სწორედ ახლა არის საჭირო, რომ მაღალი პასუხისმგებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ და გავაგრძელოთ ყველა ის სოციალური პროექტი, რომელსაც აქამდე ვახორციელებდით,“ – აცხადებენ „ნიკორაში“.

„ნიკორას“ სტიპენდიას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე წელიწადზე მეტია იღებენ. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სტიპენდიისთვის 12 000 ლარზე მეტი გამოყო. სტუდენტებს სტიპენდია ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით ენიშნებათ. სემესტრულად ხდება სტუდენტების რეიტინგის გადახედვა და შემდგომი სემესტრის სტიპენდიანტების არჩევა.

ფულადი მოტივაციის პარალელურად, „ნიკორა“ ზრუნავს ახალგაზრდების დასაქმებაზეც და მათი ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ გოგელიძე უკვე საწარმოს თანამშრომელია.