დღეს ზუგდიდის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიებს ფუნქციონირების უფლება მიეცათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ასევე ფუნქციონირებს ფოთის ბაზარში მდებარე „უნივერსამი“ და რძის პროდუქტების და ხორცის სარეალიზაციო განყოფილება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს დილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიებს მიეცათ ფუნქციონირების უფლება. ჩვენ ეს უფლება შევუზღუდეთ მათ აღდგომამდე, ვინაიდან ძალიან დიდი რიგები შეიქმნა არა შიგნით ბაზარში, არამედ ბაზრის გარეთ. ბაზარში მყოფი მეწარმეები ითვალისწინებდნენ ყველა რეკომენდაციებს, რაც იყო სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ჯანდაცვის სამინისტროდან, თუმცა გარეთ რიგის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა აღდგომამდე. დღეს, როდესაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რისკი იმისა, რომ დადგეს გაუკონტროლებელი რიგი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ არის და ამიტომ დაიწყო ფუნქციონირება“, - განაცხადა მოწერელიამ.
რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას, მოწერელიას თქმით, სოფლებში რწმუნებულებს და მაჟორიტარებს აქვთ გადაადგილების უფლება და ისინი ემსახურებიან მოსახლეობას.
„გუშინ საკმაოდ დიდი მომართვიანობა იყო მუნიციპალიტეტებში საშვებთან დაკავშირებით. საკმაოდ დაძაბული დღე იყო. სოფლებში, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მივეცით იმის საშუალება, რომ მათ ჰქონოდათ გადაადგილების უფლება იმისათვის, რომ მომსახურებოდნენ ჩვენს მოსახლეობას. იქ, სადაც მათი რესურსი შეიძლება საკმარისი არ იყოს, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს პირდაპირ მუნიციპალიტეტში ან ცხელ ხაზზე“, - განაცხადა მოწერელიამ.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი არ მკურნალობს.
„რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული არავინ არ გვყავს, გვყავდა ორი პაციენტი და გაეწერა. გვყავს რეგიონში რეგისტრირებული ერთი პაციენტი, ეს არის ექიმი, რომელიც იმყოფება ბათუმში და იქ გადის მკურნალობის კურსს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინ 23 ანალიზი გაიგზავნა ლაბორატორიაში, აქედან 14 უარყოფითია და 9 ნიმუშზე ველოდებით პასუხებს, რამდენიმე საათში იქნება“, - განაცხადა მოწერელიამ.