ლევან დავითაშვილი - დღეს არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს

დღეს არ არსებობს წინაპირობა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ იგეგმება პურის რეალიზაციის საცალო ფასის დადგენდა და შესაძლებელია თუ არა, რომ საცალო ფასზე ზღვარი დაწესდეს.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ტომარა ფქვილის ფასი 51 ლარს არ აღემატება, მნიშვნელოვანი წინაპირობაა საიმისოდ, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. ამასთან, მისივე თქმით, პურზე ფასის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ ენერგომატარებელი კომპანიები პურის საცხობებს გაზს შემცირებული ტარიფით აწვდიან.

„ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე ინდივიდიალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გადაწყვეტის საშუალებას ვერ მოგვცემს, ეს შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმი უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ეს გულისხმობდა ორ რამეს: ერთი - დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილ მოთხოვნას ვხედავთ, განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას - ხორბალს ეხება. ჩვენი მიზანი იყო, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში და მიიღონ სუბსიდიის თანხა, არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქილის ფასი, რომელიც პურის წარმოებაში ძირითადი ინგრედიენტია, დაფიქსირებული იყოს. აქ ჩვენ უმაღლესი ზღვარი დავაწესეთ, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, ეს არის ენერგომატარებლები და იცით, რომ ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება. მინდა ეკონომიკის მინისტრს კომუნიკაციისთვის მადლობა გადავუხადო. ენერგეტიკულმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მათ შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც პურის თვითღირებულებაში მონაწილეობს. შესაბამისად, დღეს არ არსებობს წინაპირობა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს. ეს არის ის ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ“,-განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო.